logo
ENG



ხვიჩია "ოცნებას" მოუწოდებს, დაადასტუროს ან უარყოს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

16 ნოე 202113:53
3 წუთის საკითხავი
 

იაგო ხვიჩია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაადასტუროს ან უარყოს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხვიჩიამ თქვა, რომ მისი აზრით, ქართული ოცნება და ექსპრეზიდენტი შეთანხმებულები არიან და ეს შიმშილობაც იმდენ ხანს გაგრძელდება, როგორც ისინი განსაზღვრავენ. 

გირჩის წევრის თქმით, მთავარი პრობლემა იმ ადამიანების შიმშილობაა, რომლებიც პროტესტის ამ ფორმას მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ. 

"მხოლოდ თქვენ ხართ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია, დაადასატუროს ან უარყოს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი, რომელიც უკვე 47 დღეა, გრძელდება და რომელსაც თქვენც ადასტურებთ. 

მე მაინტერესებს, თქვენგან გავიგო, ეს კაცი მართლა შიმშილობს, ფეიკ შიმშილობაა და როგორი მდგომარეობაა. 

როგორ შეიძლება, ადამიანი 47 დღე შიმშილობდეს და თქვენ ამაზე საერთოდ არ ნერვიულობდეთ

თუ ეს კაცი არ შიმშილობს, მაშინ რატომ არ ამბობთ ამას. ზოგადად რომ ამბობთ ფეიკ შიმშლობა, თან ამბობთ, რომ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა. რა გახდა ამის ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებისთვის სრულყოფილად მიწოდება. 

ჩემი პოზიციაა, რომ თქვენ შეთანხმებულები ხართ და შიმშილობაც იმდენი ხანი გაგრძელდება, რამდენიც თქვენი შეთანხმება განსაზღვრული. ასევე, ვერავინ დაადასტურებს, ეს შიმშილობა ნამდვილია თუ არ არის ნამდვილი. 

მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ელენე და ჩვენი კოლეგები ნამდვილად შიმშილობენ. რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს, ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გადაიყოლოს ამან თუ ერთხელ და სამუდამოდ ადამიანებს გააგებინებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ნამდვილ მდგომარეობას. რომ ხალხმა არ ინერვიულოს, თუ ეს ადამიანი ნამდვილად არ შიმშილობს". - თქვა იაგო ხვიჩიამ

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. იმისთვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, საჭიროა მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია რთული პროცესია, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ გლდანის ციხის კლინიკაში მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. 

ექიმები და სახალხო დამცველი ამბობენ, რომ გლდანის მე-18 ციხის დაწესებულება არ არის სათანადოდ აღჭურვილი. ამასთან, თავად პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში 585 პატიმარი გადაიყვანეს. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, გუშინ, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც. კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს რუსთავისა და ზუგიდიდის საკრებულოს წევრებმა.


close დახურვა